„შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა - ახლა თქვენი დროა, იმოქმედოთ, დრო, როდესაც სრულიად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთად უნდა იმუშაოს და „შედეგი დადოს“ ამ თორმეტ რეკომენდაციასთან მიმართებით“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს.
ელჩის შეფასებით, ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭება და მომავალი წლის შეფასების პროცესი გვიკარნახებს, რომ ახლა მოქმედების დროა და ეს შესაძლებელია, მიღწევადია.
„მუშაობა მიდის - საქართველოს პარლამენტშია სამუშაო პროცესი. ჩვენი გზავნილი მმართველი პარტიისადმი ასეთია - იყავით ღია, იყავით გამჭვირვალენი, იყავით ინკლუზიურები, ეს არ ნიშნავს უბრალოდ მოსაწვევის გაგზავნას ოპოზიციისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში, არამედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებასაც.
„გეოპოლიტიკური მდგომარეობა დღეს არის ხელსაყრელი საქართველოსთვის - ახლა ამ ხელსაყრელი სიტუაციიდან სარგებლის მომკის დროა. თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა იმოქმედოთ, უნდა იმოქმედოთ დღეს. თქვენ ნაცვლად ამას სხვა არავინ გააკეთებს”.
ოპოზიციას კი მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროცესებში, იყვნენ კონსტრუქციულნი, საერთო სიკეთის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანონ. ახლა ერთად მუშაობის, პოლიტიკურ ნაპრალზე ხიდების გადების დროა.
უნიკალური მომენტის წინაშე დგახართ - ეს მიღწევადია. დაიჯერეთ ამის. ყველა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს გაკეთებადია, მიღწევადია. რა არის საჭირო ამისთვის? სერიოზულად მუშაობა, კონსტრუციულად მუშაობა, ყველას მხრიდან, რათა დაამტკიცოთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულად უდგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს. ერთი წელი დიდი დროა“, - აცხადებს ელჩი ჰერჩინსკი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.