ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg

ევროკავშირის მკაცრი აკრძალვის ფონზე, რომელიც 10 აგვისტოს რუსული ნახშირის იმპორტზე ამოქმედდა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა, ნედლეულის ფასდაკლებით შესყიდვა დაიწყეს.

როგორც Bloomberg წერს, ნახშირის ეს პარტიები სხვა ქვეყნების მსგავსი კლასის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება.

მაგალითად, სექტემბერში თურქეთმა 1 ტონა რუსული თერმული ნახშირი $199-ად შეისყიდა, რაც კოლუმბიის პროდუქციაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი მომწოდებელია, 23%-ით იაფია.

შეგახსენებთ, რომ რუსული ნახშირის იმპორტი ჩინეთში, 2022 წლის ივლისში გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია.

სექტემბერში ჩინეთმა, რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) და ფოლადის ნახშირის რეკორდული მოცულობის იმპორტი განახორციელა.