„მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს აქვს რუსეთის წინააღმდეგ დავა და 21 იანვარს არის მოლოდინი საბოლოო ვერდიქტის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის აგვისტოს ომში მართალი.
დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში, რომელზეც ჩვენ ვდაობდით.
200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ 2013 წლიდან, მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და დავაბრუნეთ ორი წლის წინ, როგორც მტკიცებულება.
ზეგ, 21 იანვარს დგება სიმართლის დღე. დიდი იმედი მაქვს, რომ რასაც ახლა ვამბობ, სწორედ ასე გამართლდება და ჩვენ ყველანი ხელთ ჩავიგდებთ დოკუმენტს, რომელიც იტყვის, რომ ქართველებმა განიცადეს ეთნიკური წმენდა. ეს იქნება სამართლებრივად გამყარებული საფუძველი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა. დღემდე ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტები, ეს იქნება პირველი სამართლებრივი დოკუმენტი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო ხვალ, 21 იანვარს განიხილავს . ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს.