კელი დეგნანის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრას მიესალმა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. 

„ნებისმიერ დროს, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთად სხდებიან სასაუბროდ, ეს აზრთა გაცვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვაშინგტონში, მდივან ბლინკენთან.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის განსხვავებების გადასალახად. ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის.

ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განუცხადა ელჩმა მედიას.


ცნობისათვის, ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია.

ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის.

„აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.