ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. განხილვა თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება.

ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი შესწორების თანახმად, აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.

  • უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის და ასიტა კანკოს მიერ შეტანილ შესწორებააში გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ “.

„კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, რომელიც რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირებს შეეხება. ხსენებული ცნობების დადასტურების შემთხვევაში, კომიტეტი ივანიშვილის და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.


თავის მხრივ, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ცვლილებებში წერია, რომ აუცილებელია საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა“.

„ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - ვკითხულობთ ტექსტში.

გარდა ამისა, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.


ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ. კიდევ ერთი შესწორების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

„ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იყოს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.


ამასთან, ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ვკითხულობთ

„[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“.

ერთ-ერთი ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

„[კომიტეტი] სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - წერია ტექსტში.

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.