რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, G20-ის ლიდერების სამიტს, რომელიც მომავალ კვირას იმართება, ვირტუალურად დაესწროს.
ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომელიც 2022 წელს G20-ის სამიტს მასპინძლობს.
ჯოკო ვიდოდოს თქმით, პუტინმა გასულ კვირას, მასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ბალიზე, სამიტში მონაწილეობას არ გამორიცხავდა.
„მაგრამ თუ პუტინი ბალიზე არ ჩამოვა, შესაძლო, მან გამოთქვას სურვილი, რომ სამიტს ვირტუალურად დაესწროს”, - განუცხადა ჯოკო ვიდოდომ ჟურნალისტებს
როგორც G20-ის სამიტის მასპინძელი ქვეყანა, ინდონეზია დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინის ზეწოლას ეწინააღმდეგება და პუტინისთვის მოწვევის გაუქმებასა და რუსეთის ჯგუფიდან გარიცხვას არ ემხრობა.
ინდონეზიამ ასევე G20-ის სამიტზე მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს არ დაესწრება, თუ პუტინი ბალიზე ჩავა.
ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.