რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფნა G20-ის სამიტზე, არასწორ სიგნალს გაუგზავნის გლობალურ პოლიტიკურ ელიტებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ვინც გენოციდს ჩაიდენს უკრაინაში, უნდა იყოს განდევნილი და იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან.
„ამის გამოსწორება გვიანი არ არის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში, თუ მას პუტინიც დაესწრება.
G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს.
G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.