საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენაჩენს.
"კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტის სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს და ნებისმიერი სახის სხვა ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო.
საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.