ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი მოსკოვში ირანის საელჩოში იმყოფებოდნენ.
არძინბამ და ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის შიიტურ სალოცავზე თავდასხმისას 15 ადამიანის დაღუპვის გამო მიუსამძიმრეს.
საელჩოში არძინბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება“.
„გარდა ამისა, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება 3+3 ფორმატი. ეს ის ფორმატია, რომელშიც მუშაობენ რუსეთის ფედერაცია, ირანი, თურქეთი და ამიერკავკასიის რესპუბლიკები. ჩვენი აზრით, ეს არის ძალიან სერიოზული პლატფორმა მომავლისთვის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საკითხების განსახილველად. აფხაზეთის რესპუბლიკა დაინტერესებულია, როგორ ვითარდება ამ პლატფორმის სამუშაო“, - განაცხადა ინალ არძინბამ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ინალ არძინბასა და ახსარ ჯიოევს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის აქტუალური საკითხები, ჟენევის დისკუსიების არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება.
„ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მონაწილეობას კონსულტაციების მექანიზმში აფხაზეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე. არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი გამიზნულია სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის გააქტიურებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში რადიო თავისუფლების ცნობით.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ამ ორი ე.წ. სახელმწიფოს დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.