ახლა მნიშვნეოლოვანი ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის შეახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომდესაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე ჰკითხეს.
„აშშ არ არის ევროპარლამენტის ნაწილი და ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ რეზოლუციის შემუშავებაში. თუმცა ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენ ასევე გამოვთქვამთ წუხილს პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ვეთანხმებით მოწოდებას მხარეებისადმი, რომ გაერთიანდნენ და განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის არის სასამართლო რეფორმა და სხვა დემოკრატიული რეფორმები. ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.
საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს იმ კუთხით, რომ წარუდგენს თავის რეკომენდაციებს ვენეციის კომისიას და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს და შემდგომ მათგან იღებს შეფასებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და რამდენად აკმაყოფილებს მას.
ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემუშავებული კანონმდებლობა ასევე წარედგინოს ვენეციის კომისიას, რათა ამ კომისიამ შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.
ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს სტაბილურ, წარმატებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები, მმართველი პარტია და ასევე ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდებიან და ისე შეასრულებენ სამუშაოს, რომ საქართველომ ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლოს. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები ამას შეძლებენ ქართველი ხალხისთვის“, - განუცხადა მედიას კელი დეგნანმა.