ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ანგარიში მიიღო

  • ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი უძღვებოდა.

ტექსტს მხარი დაუჭირა 47-მა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი, თავი შეიკავა.

შესწორებაში, რომელსაც მხარი დაუჭირეს, სხვა გარემოებებთან ერთად ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, ჯერ კიდევ განიცდის ზრუნვის ნაკლებობას, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით აჩენს საფრთხეს.

განხილვას ესწრებოდა ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია.

  • ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ძირეული სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისკენ. ანგარიშის თანახმად, დროულად უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აღმოიფხვრას მანამდე გამოვლენილი ნაკლოვანებები და ჩატარდეს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ანგარიშის ავტორები გამოხატავენ წუხილს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფიში ISFED-ის არდაშვებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეკომენდაციად არის მითითებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე. საუბარია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობაზე.

დღეს მიღებულ კომპრომისულ ვერსიაში აღარ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა. 

ევროპარლამენტარების რეკომედანციაა, „გადაიჭრას გადაჭარბებული ინტერესების ზეგავლენის საკითხი, განსაკუთრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სისტემურად, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“.

შესწორებების ახალ ვერსიაში კომიტეტი მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისცეს უფლება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ, ჰუნამიტარული მიზნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აღარ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად, როგორც ეს რამდენიმე შესწორების პროექტში გვხვდებოდა.

ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები შეწყვიტოს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების, მფლობელების ან მასმედიის წარმომადგენლების ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს გადახედოს.

აქვე გამოხატულია შეშფოთება იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებით, ამ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი არსებითი შეკითხვების მიუხედავად, კერძოდ, ვადებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით“.

ევროპარლამენტარები პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს უწოდებენ „ლელოს“ ლიდერების საქმეს.

„ანგარიში აღნიშნავს, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნეს და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს"; ანგარიში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება წინააღმდეგობაში იქნება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ მიზნებთან“.


ევროპარლამენტარების წუხილს გამოთქვამენ, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელად.

ანგარიშის ავტორები ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისაგან, გააერთიანონ თავიანთი ძალები იმმ მიზნით, რომ საფრთხე არ შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ მიზანს ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით; ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზამკვლევს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ.

ეს ანგარიში რეზოლუციას უნდა დაედოს საფუძვლად.