ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია – EUROCONTROL ) გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.
„საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ.მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ“, – განაცხადა ემონ ბრენანმა.
ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.