მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში მკვლელობის შემდეგ, საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე 326 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights იტყობინება.
უფლებადამცველების თქმით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 326 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 43 ბავშვია.
43 ბავშვიდან 9 გოგონა იყო, სამი კი ავღანეთის მოქალაქე.
ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სულ მცირე ცხრა მომიტინგე ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გაასამართლეს და სწრაფი სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ირანის ადამიანის უფლებების დირექტორმა მაჰმუდ ამირ-მოღადამმა მოუწოდა გაეროს, შექმნას მექანიზმი, რათა საპროტესტო აქციების ჩახშობისას ირანის ხელისუფლების დანაშაულები გამოიძიოს.
ირანში საპროტესტო აქციების მიზეზი მაჰსა ამინის გარდაცვალებაა. ის თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.