სომხეთის უშიშროების სამსახურმა, „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, სატვირთო მანქანაში იყო, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. ის ქვეყანაში უცხო სახელმწიფოდან შევიდა და შემდეგ, რუსეთში გაემგზავრა.
„საქმის ვითარებაში გასარკვევად, აღიძრა საქმე „ადამიანების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრის გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის, ასევე დოკუმენტების გაყალბების მუხლებით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური 12 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ დაადგინა და რვა ადამიანი დააკავა.
საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, მათი საზღვრები არ გადაუკვეთავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში კონფლიქტია სამხედროებსა და სპეცსამსახურებს შორის და აფეთქება შესაძლოა, მათ შორის წინააღმდეგობის შედეგი იყოს.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.