რუსეთის ხელისუფლებამ კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორისაა ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ კერი და გასული საუკუნის შუა პერიოდის უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერის შვილიშვილი, სტეფან ბანდერა, ასევე პოპულარული მწერალი, მარგარეტ ეტვუდი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს ჯიმ კერისთვის სანქციების დაწესების მიზეზებს, მაგრამ მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ისაუბრა.
2022 წლის 27 თებერვალს მან შემდეგი ტვიტი დაწერა:„შინაგანად ყველაფერი მიტრიალდება, როცა ვხედავ უდანაშაულო ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში არსებული პოლიტიკური იდიოტის გამო. გეშინოდეთ მათი, ვინც არ გიყვარდათ“.
მანამდე, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.