სალომე ზურაბიშვილი: დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ - ეთქვას საქართველოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია Franceinfo-სთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

ჩვენი სტუმარია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო.

მოგესალმებით.

ჩვენი მაყურებლებისთვის დავაზუსტებ, რომ თქვენ სრულყოფილი ფრანგულით მეტყველებთ, რადგან დაბადებული ხართ საფრანგეთში. საქართველომ იცის რა არის ომები. ბოლოს, 2018 წელს, ისევე როგორც უკრაინაში, რუსეთმა აღიარა ორი სეპარატისტული რეგიონი. როდესაც ასე ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ომი, 15-იოდე წლის წინ, მშვიდობაზე სხვანაირი განწყობით საუბრობთ ?

რა თქმა უნდა. არა მხოლოდ 15 წლის წინ, საქართველოზე რეგულარულად ხორციელდებოდა რუსეთის შემოტევები, ეს ძალიან აქტუალურია. 2008 წელს მოხდა ომი, მას შემდეგ ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, რაც გულისხმობს სამხედრო ბაზების არსებობას, მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება...

რუსული სამხედრო ბაზები…

[საქართველოს] ტერიტორიაზე რუსული ბაზები, ზოგიერთი მათგანი დედაქალაქიდან 30-იოდე კილომეტრში, ეს ძალიან ახლოსაა. 

დღესდღეობით სიმშვიდეა ამ ორ ტეროტორიაზე ? 

დიახ სიმშვიდეა, ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის შემდეგ, ან ქარიშხლამდე. მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობაა ადამიანის უფლებების კუთხით, მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების კუთხით (კოვიდის დროს), მუდმივად ხდება იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდებიან, რომელიც რეალურად, იურიდიულად არ არსებობს. მათ აგზავნიან ციხეებში და ჩვენ გვიჭირს იმის დადგენა, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ამ სიტუაციას კარგად ვიცნობთ და როდესაც ვხედავთ რომ ეს მეორდება უკრაინაში, ეს ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციაა და ამჯერად, როდესაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, ეს ძალიან კარგი ამბავია.

ამ კონტექტსტში, როდესაც ხედავთ რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იღვიძებს, თქვენ მიმართავთ მათ, რომ თქვენც გჭირდებათ უსაფრთხოების გარანტიები?

დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა! როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო.

ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად...

რას ეტყვით ევროპულ კომისიას, რომელმაც პირობა დადო, რომ ყურადღებით მიადევნებდა თვალს ცვლილებებს, რეფორმებს, რომლის შესახებაც თქვენ საუბრობდით, რას ეტყვით მას, მაგალითად «დღეს ვიმუშავეთ კორუფციის საკითხებზე»?

დიახ, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ - ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს.

ეს არ არის საბოლოო თანხმობა?

ეს არ არის საბოლოო თანხმობა, გაგრძელდება ზეწოლა, წახალისება, მაგრამ დღეს საჭიროა მკაფიო პასუხი რუსეთისთვის.

თქვენ საუბრობდით რუსეთისთვის პასუხის გაცემაზე.. დღემდე ევროპის არჩევანზე ახდენს თუ არა გავლენას გეოგრაფიული საკითხიც?

ეს საკითხი დასრულებულია. 

_რომ დავაზუსტოთ, თუ დავხედავთ საქართველოს რუკაზე, მას აქვს საზღვრები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან.

რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინას, და ეს არ....

_უკრაინა შესაძლებელია უფრო გახსნილია დასავლეთ ევროპასთან...

მე ვთვლი, რომ ეს [გეოგრაფიული საკითხი] უკან დარჩა, ეს ასე იყო გარკვეული წლების განმავლობაში. ახლა, როდესაც ევროკავშირმა მისცა კანდიდატი ქვეყნის სტუტუსი უკრაინას და მოლდოვას, მან მისცა ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას და ეს არის პასუხი.

ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიული კრიტერიუმები, გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მსოფლიო პატარავდება და საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. შავი ზღვა გახდა სრულიად ევროპული ზღვა და ეს ევროპული ზღვა არის დასაცავი რუსული თავდასხმისგან, დანაღმვისგან, რაც რეალობა და დიდი პრობლემაა, როდესაც ვფიქრობთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც დაგეგმილია შავ ზღვაში.

_მაგალითად, ევროპას შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ზუსტი. უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეუერთდა სანქციებს.

_როგორ?

ფინანსურად. სრულად. დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით რა ვუწოდოთ მათ, რომლიბიც «ვაგონებით» ჩამოდიან...

_დაახლოებით, 100 000?

დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები. არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ. ეს არ არის ცენტრალური საკითხი. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყენაზე უფრო ნაკლებად ვართ რუსეთზე დამოკიდებული; ენერგეტიკულ საკითხებში დიდი დამოუკიდებლობა გვაქვს. გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, არ გვაქვს რუსული გაზი. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით გვაქვს ჰიდროელქტროსადგურები. 

_[ჰიდროელექტროსადგურები] მუშაობენ მაშინ, როდესაც ამის პირობები და ამის საშუალებაა, არა?

არა!

_მუდმივად? სრული [ენერგეტიკული] დამოუკიდებლობა გაქვთ? 

_ზაფხულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ დროს შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, გარკვეული პერიოდებში, 8%-ია, რაც სრულიად მართვადია. ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა ეს იმპორტი, არამედ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ბევრჯერ დაიმუქრა, რომ უკრაინის მსგავსად, იქ [ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ჩაატარებდა რეფერენდუმებს და მოახდენდა ამ ტერიტორიების სრულ ანექსიას. ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ევროპის მკაფიო პასუხი. მე არ ვფიქრობ, რომ ევროპას, ან მსოფლიოს სჭირდებათ, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტი.

_თქვენ დამოკიდებულებაზე საუბრობდით, შესაძლებელია, ეს ისტორიული კავშირებიდანაც მომდინარეობს - არის ქართულ-რუსული ოჯახები, ის 100 000 რუსი, რომლებმაც შეძლეს ჩამოსვლა რადგან ვიზისგან გათავისუფლებული არიან. თქვენ რაღაც მომენტში ამბობდით, რომ გაგეუქმებინათ ეს უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით რა ხდება ?

მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ საჭირო იყო ამ შემოსვლების მკაცრი კონტროლი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პირები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში არ არიან პუტინის არმიის წევრები, ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, უფრო ახალგაზრდები, რომლებიც ამ სიტუაციაში, რუსეთში თავიანთ ადგილს ვეღარ ხედავენ. ეს 10 თვეა რაც გრძელდება, იმდენივე, რამდენიც ომი.

იყო შემომსვლელების რამდენიმე ტალღა, მათ შორის, იყვნენ სხვათა შორის ქართველები, რომლებიც რუსეთში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ. არ არის დაპირისპირება არც უკრაინელ ლტოლვილებთან, რომლებსაც ასევე ვიღებთ საქართველოში, რომლებიც დაახლოებით, 30 000 არიან, და არც რუს და ქართველ მოსახლეობას შორის, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობისა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

_ვიზებისგან გათავისუფლება...

ვიზები არის, ისევე როგორც სხვებისთვის. არის 1-წლიანი ვიზები. არ არის უვიზო რეჟიმი, ისევე როგორც ევროპელებისთვის. მე ვთქვი, რომ შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზის ხანგრძლივობა შეგვეცვალა. ეს საკითხი დახურული არ არის, და ჩვენ ვაკონტროლებთ ამ მოსახლეობას, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, თავი დააღწია მობილიზაციას. ამ შეკითხვაზე თეთრი ან შავი პასუხი არ არსებობს, რთულია და უნდა ვმართოთ. 

_ძალიან მოკლედ, აპირებთ ემანუელ მაკრონთან, ან საფრანგეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრას? 

ვფიქრობ, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია, რაც შეეხება ემანუელ მაკრონს, ეს დღე სწორედ ის დღეა, რომელიც იძლევა არაფორმალური შეხვედრების საშუალებას იმ საკითხებზე, რომლებიც საერთოა ყველასათვის; მშვიდობა და დეპოლარიზაცია, რომელიც ვიტყოდი, ახალ,  ,,პოლიტიკურ კოვიდად“ გადაიქცა.