"სააკაშვილს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რასაც "ვივამედის" ექიმები აცხადებენ იმას გაიმეორებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. იტყვიან, რომ ადაპტაციური აშლილობა და სტრესი აქვს. მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, მინდა თავშივე გავაფრთხილო",- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.