დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 60 003.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 21.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2021 წელს 10.3 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით საბითუმო და საცალო ვაჭრობა გამოირჩევა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2 პროცენტი), მშენებლობა (7.5 პროცენტი), სოფლის სატყეო
და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (4.8 პროცენტი) და განათლება (4.7 პროცენტი).
"2021 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (12.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (28.9 პროცენტი), ხელოვნება გართობა და დასვენება (47.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (29.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (21.2 პროცენტი), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (44.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (30.1 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (34.0 პროცენტი). კლება აღინიშნა მშენებლობის (-23.9 პროცენტი) დარგში", - ნათქვამია ინფორმაციაში.