ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში

დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ მზადაა, გახდეს კანდიდატი ქვეყანა.

თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა, ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ, უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად“, - განაცხადა ვარჰეიმ. 

მისივე თქმით, ამის გასაკეთებლად საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება. 

„მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს“, - აღნიშნა ვარჰეიმ. 


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.