2012 წლამდე ვცხოვრობდით დიქტატორული რეჟიმის პირობებში, შემდეგ კი, ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა - ღარიბაშვილი

საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.~

„საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამოცანაა, ქვეყანა იყოს დეოკუპირებული მშვიდობიანი გზით.

„ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის დიდი გამოწვევა, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირის მისიას, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.