დღეს ხმას მივაწვდენ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე: 12-ვე პრიორიტეტზე გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე. ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსენსუსის შემადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლას და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.