ოლივერ ვარჰეი: ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადარ,  რომ საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში. ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ.

ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება მას შემდეგ, რაც ბოლოს ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, განვითარებას ვხედავ - ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა. საქართველოში პროგრესი არსებობს, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში და მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში.

ეს პირველად მოხდა ამ რანგში - არამხოლოდ სამეზობლო, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი და ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის პროცესში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს მყარი მიზანი. ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და საქართველოში ჩამოვედი არა იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა.

ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამხოლოდ მთავრობისთვის, მთელი პოლიტიკური ელიტისთვის.

დღეს ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მომზადებაში, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში.

ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა.

საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობა. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 რეკომენდაციის შესრულება და ამ მიმართულებით საჭიროა კარგი ისტორიის ჩვენება. მიხარია, რომ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.