ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი კეთდება ევროკავშირის მხარდაჭერაზე და პრიორიტეტულ რეფორმებზე, რომლებიც ევროპული საბჭოს დასკვნაში გაიწერა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.
საუბარი გვექნება ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ფლაგმანურ პროექტებზე“, - წერს ევროკომისარი.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა.
„ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვედრაზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში.
დღეის მდგომარეობით, 34 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აქვს მიღებული ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველოში ისარგებლოს 80 000-მა კომპანიამ. ჩვენი მიზანია, ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
მისივე თქმით, საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
„ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ“, - აღნიშნა ევროკომისარმა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით 15 ნოემბერს შეხვდა. ოლივერ ვარჰეი შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას.