"დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინსიტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს, გარდა იმისა რომ ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის, და იქმნება საფუძველი ამისთვის, რა თქმა უნდა ეს ძირითადად იქნება საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველი შეფასება 2008 წლისა ომის საქმისა“, - განაცხადა პრემიერმა.
გახარიას თქმით, გადაწყვეტილება მთავრობას დამატებით ვალდებულებებს აკისრებს და უახლოეს პერიოდში ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინირებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები“, - აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო დღეს განიხილავს .