NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი დადგინდეს“.
„პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ, პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვესაუბრე. მე მას მივუსამძიმრე დაღუპულთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ აგრძელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.