რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტები NATO-ს წევრ ქვეყანაში, პოლონეთში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა, წერს The Guardian-ი.

პოლონეთის მთავრობის სპიკერმა ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ლიდერები „კრიზისული სიტუაციის" გამო, საგანგებო შეხვედრას მართავენ.

პოლონური მედია იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს ნაშუადღევს, მას შემდეგ, რაც ჭურვი უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა.

დაზარალდა მეზობელი მოლდოვაც. რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.


რუსეთის მიერ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვაა საჭირო. მისი განმარტებით, ეს აუცილებელია ენერგოსისტემის მუშაობის სტაბილიზაციისთვის.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის ნახევარი მაინც, 5 საათისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მსგავსი ცნობები მოდის ლვოვიდან, ჟიტომირიდან და დნიპროდან. კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ხარკოვსა და რივნეშიც.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 15 ნოემბრის თავდასხმის დროს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში.

  • საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს უკრაინას 100-მდე რაკეტა ესროლეს, რაც 10 ოქტომბრის მასიური თავდასხმის დროს გაშვებულ რაკეტებზე მეტია
  • ტერნოპოლის რეგიონის 90% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია.

10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.

უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა.

დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.