უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აგრესორმა შესაძლოა, „მარცვლეულის დერეფანი“ რუსული ამიაკის ექსპორტისთვს გამოიყენოს.
როგორც Financial Times იუწყება, შესაძლოა, რუსეთს უფლება მისცენ, რომ „მარცვლეულის დერეფანი“, რომლითაც უკრაინას სურსათი და მარცვლეული გააქვს, ამიაკის ექსპორტისთვის გამოიყენოს.
გამოცემა, ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით წერს და იუწყება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება 19 ნოემბერს შედგება.
22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას.
პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა.
29 ოქტომბერს რუსებმა განაცხადეს, რომ ტოვებენ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას. ამის მიზეზია, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის სავარაუდო „ტერორისტული თავდასხმა“.
გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს.
გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება.
2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.
14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია მარცვლეულის დერეფნის გაფართოება.