დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირი Europetime-თან: შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია არამხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ, მსოფლიოსთვის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

May be an image of 4 people and people standing

დევიდ მორგანი Europetime-თან ამბობს, რომ არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონი არამარტო ხსენებული რეგიონებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, დანარჩენი მსოფლიოსთვის.

  • დევიდ მორგანი ამ თანამდებობაზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე ის მუშაობდა (PS, Private secretary) დიდი ბრიტანეთის ბოლოს სამ თავდაცვის მდივანთან, გევინ უილიამსონთან, პენო მორდოსთან და ბენ უოლესთან. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს ის 2007 წლიდან შეუერთდა.

შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი.


მან 16 ნოემბერს, თბილისში ისაუბრა რუსეთის მცდელობებზე, ძალის გამოყენებით შეცვალოს ევროპის საზღვრები. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა გაიხსენა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია, რომელმაც დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა საქართველოში, 2008 წელს, ამავდროულად, მორგანმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიმდინარე სამხედრო ყოფნის შესახებ, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

დევიდ მორგანის თქმით, გაერთიანებული სამეფო არ აღიარებს ხსენებულ „სეპარატისტულ რეგიონებს“. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა „რუსეთის მიერ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს შავი ზღვის რეგიონში“ და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას როგორც ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის.

დევიდ მორგანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა, რომელიც კიევისთვის დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს.


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, რომელსაც NATO-ს საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მადრიდის სამიტზე, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებაც ახსენა და საქართველოს ალიანსის ერთგული პარტნიორი უწოდა.

დევიდ მორგანის განცხადებით, საქართველო NATO-ს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელმაც ISAF-ის მისიაში წვლილი შეიტანა.

ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მიუხედავად, საქართველოს ხალხმა აირჩია გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.