უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში, პოლონეთის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ „რუსულმა აგრესიამ საზღვარი გადაკვეთა".
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა შემთხვევის გარემოებების გარკვევას ცდილობს.
„რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება, ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადალახა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. ამიტომაც მოვითხოვთ, რომ ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მივიღოთ წვდომა პარტნიორების ხელთ არსებული ყველა მონაცემისა და აფეთქების ადგილის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინამ პარტნიორებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც ჰქონდა.
16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის სასაზღვრო სოფელ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, არ იყო უკრაინული. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მას სამხედროებმა განუცხადეს.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.
პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკუბ კუმოჩმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა რაკეტის ნარჩენები შეისწავლა და ტრაექტორია გამოთვალა. როგორც კუმოჩმა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა.
„ბევრი ნიშანია იმისა, რომ ერთ-ერთმა (უკრაინულმა) რაკეტამ, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებისას გამოიყენებოდა, მიზანს ასცდა. მისი „თვითგანადგურების სისტემა“ არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - განაცხადა კუმოჩმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ ადანაშაულებს უკრაინას პოლონეთის ტერიტორიაზე განზრახ დარტყმაში, რადგან „რუსეთმა, იმ დღეს დაბომბა უკრაინა და სწორედ რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.
16 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო NATO-სა და პოლონეთის განცხადება იმის შესახებ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთობლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, „რუსული კვალის მტკიცებულებები წარადგინოს“.