კარენ დონფრიდი: ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის განცხადებით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ქმედება და განცხადებები, რომლებზეც შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს.

„ჩვენ გამოვთქვით წუხილები იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. მისი ეს განცხადება მოჰყვა სენატორ ჯინ შაჰინის შენიშვნას იმის შესახებ, რომ „საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე“.

სენატორი შაჰინი დონფრიდის მოსაზრებას დაეთანხმა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე.

„საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა.

იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია, დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.