კარენ დონფრიდი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი.

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რა აშშ-ის ინტერესების წინსვლისთვის რეგიონში, მე მივესალმები და ვაფასებ თქვენს რჩევას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა დონფრიდმა და ამ კონტექსტში მდივან ბლინკენის ძალისხმევას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი გამართა მხარეებთან.

„ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის წახალისებას, რომ მათ განაგრძონ მოლაპარაკებები და ამას ვაკეთებთ მჭიდრო პარტნიორობით ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთისა და სომხეთის დიალოგს ურთიერთობების ნორმალიზებაზე და ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რეგიონში სტაბილურობის გაზრდის პოტენციალი ჩნდება. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.


ამერიკელი დიპლომატის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესში შედის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ურთიერთობები სომხეთთან, არასდროს ყოფილა ასეთი მყარი. კარენ დონფრიდის თქმით, ის მომავალ კვირას ერევანში დაგეგმილ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ადამიანის უფლებების საკითხი, აზერბაიჯანისთვის გამოწვევად რჩება.


„ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.

მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა.

„ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.