საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ საკანონმდებლო ორგანოს შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრაზე ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის ურთიერთგადაჯაჭვული. საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად", - განაცხადა პაპუაშვილმა.