საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს.
„კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, უფლებამოსილების სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.
მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა უპირობოდ.
საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება. მოპასუხის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა დაფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხებოდა საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა. ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ამრიგად, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში - უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა.
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, თუმცა ვინაიდან საქმე შეეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ არა ჩადენილი დარღვევების ან თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო, არამედ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით და, ამასთან, ყოველგვარი - დიდი თუ მცირე - კომპენსაციის გადაცემის გარეშე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს.
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს.
გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: ა) №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 55 2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1312 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.) 27 1 მუხლის პირველი პუნქტისა და 28 1 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) №1681 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 27 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 28 1 მუხლის მე-5 პუნქტისა და 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 40 11 , 40 12 , 40 13 , 40 14 , 40 15 , 40 16 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 55 2 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.