საქართველოში გერმანიის საელჩო EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე Europetime-თან აკეთებს კომენტარს.
- „მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო ინფორმაცია ასეთი გამონათქვამების შესახებ, მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა შესაბამისი პირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM), - განუცხადეს Europetime-ს გერმანიის საელჩოში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ გერმანიამ საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია.
ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა.
გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე განთავსებული პოსტების თანახმად, უკრაინის ომისა და სხვა წინა კონფლიქტების კონტექსტში, მას არაერთხელ დაუკავებია რუსეთის მხარე.
ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია.
ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“.
- „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“.
„შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, - განაცხადა კრამონმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.