ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ NGO-ებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განცხადება კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს აგონებს. ამის შეახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვა ეხებოდა „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ „NGO-ებს დაფინანსება უნდა შეუმცირდეთ“.
„რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს NGO-ებთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, იმიტომ, რომ ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში. ჩემი გამოცდილებიდან რაც მინახავს საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტებს.
კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო.
„ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.