ამერიკის ელჩმა კელი დეგნანნმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპასუხებდა რიგი დეპუტატების განცხადებებს, რომ შეერთებული შტატების დახმარების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიემართება.
კელი დეგნანის თქმით, მისთვის დამაბნეველია, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მიმართ, რადგან ბევრმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთვრობო ორგანიზაციებში დაიწყო.
ელჩის თქმით, ისინი ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებდნენ და ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ასეთი კრიტიკა ისმის.
კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს ხმა, ხალხის ხმა აღარ იარსებებს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის ერთად შეკრებილი ხალხის ხმა, ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოსთვის.
„რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ სად მიდის ეს (აშშ-ის, რედ.) დახმარება, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობას უნდა ვკითხოთ, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მიწის თხილის ფერმები აქვთ და მათ, ვინც დახმარება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ასევე, მათ, ვისაც მოცვის, რძის პროდუქტების საწარმოები აქვთ და მუდმივად იღებენ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ალბათ, სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში გაცვლითი პროგრამებით მიდიან და იქ იღებენ განათლებას. ასევე, საზოგადოების ბევრ წარმომადგენელს, რომლებიც სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით მოგზაურობენ აშშ-ში.
რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება, მათ შორის, თავდაცვის, სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი უწყების, სასაზღვრო პოლიციის დახმარების პროგრამები. ასევე, ნაწილი ჩვენი დახმარებისა, მიდის ძალიან კარგი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოებას, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს. ეს არის მათი ძირითადი მიმართულება.
ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ, დახმარების ძალიან კარგი ჩამონათვალი და ისტორია გვაქვს, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხს, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, რომ ამ მრავალფეროვანი დახმარებით, მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს, ეს იქნება მთავრობასთან პირდაპირი თანამშრომლობით თუ ინდივიდუალურად და არასამთავრობოების საშუალებით.
შეგახსენებთ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადებებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მხრიდან, სენატორ შაჰინის მისამართით შეურაცხმყოფელი შეფასებები მოჰყვა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, განაცხადა, რომ „აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ამიტომ, მათ იდარდონ“.