თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა.
ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“.
მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმებს.
„ორი ლიდერის (თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) შეხვედრის დროს მიღწეულია შეთანხმება, თურქეთში, მეორე ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ არის სალაპარაკო“, - განმარტა მინისტრმა.
დონმეზმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შეძლო გადაემოწმებინა თურქი კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დროს.
მისი თქმით, სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება ორივე მხარეს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება.