ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.