პირველი დეკემბრიდან თურქეთი, ნავთობის გადამზიდავი გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს.
Bloomberg-ის ცნობით, შეზღუდვები შეეხებათ იმ ტანკერებს, რომელთაც დაზღვევა არ ექნებათ.
ახალი წესი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროპული სანქციების დაწესებამდე, რამდენიმე დღით ადრე ამოქმედდება.
სანქციების დაწესების შემდეგ, რუსი ნავთობმწარმოებლები, დადგენილ ლიმიტზე მაღალი ფასით ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში, დაზღვევის მიღების შესაძლებლობას დაკარგავენ.
საზღვაო მოძრაობის კონტროლის სისტემაში მომუშავე თურქმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ბოსფორის გადაკვეთის ახალი წესები დაკავშირებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან, თუმცა თურქეთი მათ ოფიციალურად არ შეუერთდა.
ოფიციალური პირის თქმით, ცვლილება გავლენას მოახდენს რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავ ტანკერებზე, თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ ზარალის სადაზღვევო გარანტიების წარდგენას, საგანგებო მოვლენების შემთხვევაში, როგორიცაა ნავთობის დაღვრა.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სრუტეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან.
აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკიდან რუსული ნავთობის მთელი ექსპორტი, დაახლოებით 650 000 ბარელი დღეში, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს.
ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.