მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მიშას“, - ამ სლოგანით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობა მიიღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.

პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა, სამსახურისთვის არავის მიუწოდებია გიული ალასანია გამოეხმაურა.

„ველდებით ყველა დოკუმენტის მიღებას, ყველაფრის ერთად თავმოყრას. ამის შემდეგ გადავცემთ მას სასამართლოს“, - განაცხადა სააკაშვილის დედამ.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, არსებობს ექსპერტული დასკვნები, რომელშიც „ნათლად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“.

„ოჯახი საუბრობს ექსპერტულ დასკვნებზე დაყრდნობით, საკუთარ ვარაუდს ხომ არ გამოთქვამს. ამიტომ, მჯერა ოჯახის წევრების. მთელი საზოგადოება ცოტა ხანში დღის სინათლეზე ვიხილავთ შესაბამის ექსპერტულ დასკვნებს. დავრწმუნდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების მიმართულებით არის უმძიმესი და მზარდად გაუარესებადი.

ამას არ უნდა არც ბჭობა, არც მსჯელობა, ანგარიშის გასწორება ივანიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისადმი, ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ეს ადამიანი საჭიროებს შველას, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში. ბევრი სპეკულაცია იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ თვეების განმავლობაში არ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა.

დააკვირდით, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც საერთოდ ვეღარ უარყოფენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად არის მძიმე მდგომარეობაში „ქართული ოცნების“ არაადამიანური მოპყრობის გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ გლდანის ციხეში“, - განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.