უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.
„Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ფორუმი 21-22 ნოემბერს იმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 4100-ზე მეტი მონაწილე 74 ქვეყნიდან. Atomexpo 2009 წლიდან იმართება.
Atomexpo არის ერთ-ერთი საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის, სამთავრობო უწყებებისა და ბირთვული ინდუსტრიის საწარმოების მიერ ორგანიზებულ ღონისძებებს აწყობს.
პიტერ სიიარტოს პოზიციით, ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ენერგეტიკულ კრიზისს და ზიანს მიაყენებს ევროპას.
„უნგრეთის მთავრობა საჯაროდ უჭერს მხარს კრემლს და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს, ასევე ბლოკავს ევროკავშირის დახმარებას კიევისთვის. 17 ნოემბერს, უნგრელმა დიპლომატმა ევროკავშირის ლიდერები ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და გადადგომისკენ მოუწოდა.
ბუდაპეშტის რიტორიკა ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ, სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის მცხოვრებლებზე და ბლოკავს სუბსიდიებს ბრიუსელიდან. ამასთან დაკავშირებით, უნგრეთში ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ქმედებებით უკმაყოფილება ცხადყო“, - წერს უკრაინული მედია Unian-ი.
პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს. ვიქტორ ორბანი ევროკომისიის მიერ წარდგენილი 18 მილიარდიანი ფინანსური დახმარებას ეწინააღმდეგება, რომლის გამოც, წევრ ქვეყნებს ხსენებული თანხის უკრაინისთვის გადასაცემად, ერთობლივი სესხის აღების მექანიზმის ამოქმედება მოუწევთ.