დევიდ ლიდინგტონი: უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ

„უკრაინის კრიზისს უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში უნდა შევხედოთ. რუსეთის ამბიციების განხორციელების კონტექსტში, გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე„ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰიბრიდული ომი რუსეთის კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია და დემოკრატიულმა სამყარომ უსაფრთხოების გამოწვევის გადასაჭრელად ერთობლივად უნდა იმუშაოს.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშის, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯოზეფ ბილბოს თქმით, შეერთებული შტატები რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ხედავს.

ჯოზეფ ბილბოს თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა.

მან ჩამოთვალა ვაჭრობისა და ნაოსნობის თავისუფლების საკითხები და ხაზი გაუსვა საეთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემა, დამატებითი ასპექტია ეკონომიკური განვითარების წინ წასაწევად.

მისივე თქმით, ინფორმაციის გაზიარება და ის გამოწვევები, რომლებიც სადაზვერვო საზოგადოებაში ასე ხშირად გვხვდება, ის საკითხებია, რომლებზეც შეერთებული შტატები ქართველ კოლეგებთან მუშაობს.

„ომმა უკრაინაში მხოლოდ გვაჩვენა ამ თანამშრომლობის გაზრდის საჭიროება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ.


შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში.

თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობს დევიდ მორგანი.

სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში.

სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას.

„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე.

ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე.

თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე.

მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.