სენატში ორპარტიული კანონპროექტის წარდგენას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა ძალიან მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავს უწოდებს. ამ თემაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს.
მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში.
„ძალიან კარგი ამბავია, რომ აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართავს, სტრატეგია განავითაროს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით. როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ჩვენ ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში და იმ დროს ვიმედოვნებდით, რომ შეგვეძლო დავყრდნობოდით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (BSEC), რათა შავი ზღვის რეგიონის ირგვლივ ყველა ქვეყანას მისცემოდა თანამშრომლობის საშუალება, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთმა დაპირისპირება გადაწყვიტა.
2008 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოში შეჭრა, მოგვიანებით, 2014 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, 2022 წელს, რუსეთმა კვლავ გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა“..., - ამბობს მეთიუ ბრაიზა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილის შეფასებით, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს აშშ-ის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ამასთან, მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან, თურქეთის, როგორც NATO-ს მნიშვნელოვან მოკავშირედ განხილვა საგულისხმოა და ხაზგასასმელია, რომ თურქეთი არამხოლოდ აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, არამედ, მას NATO-ს წევრებს შორის სიდიდით მეორე ჯარი ჰყავს.
„თურქეთი არის NATO-ს გაფართოების ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი - ემხრობა რა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. და, მიუხედავად იმისა, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, გადამწყვეტი სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას.
ჩვენ ახლაც ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება, შეასრულოს თურქეთმა მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის თვალსაზრისით, თურქეთი მთავარ როლს თამაშობს. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია თურქეთის როლი. ეს ყველაფერი უნდა იყოს ინტეგრირებული შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაში“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი - ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი - იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.
კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას. სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება.
- შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების საკითხს Europetime-თან ინტერვიუებში ბენ ჰოჯესი აქტიურად განიხილავდა.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა.
წაიკითხეთ ვრცლად