საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
ტერმინალის მშენებლობის მიზანია, ევროკავშირში თხევადი გაზის ექსპორტი. ანალოგიური პროექტი, 2015 წელსაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ არ განხორციელდა.
„ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა.
პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულებაა 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა.