მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სტრასბურგის მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

„ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ შუალედური, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის გაერო-ს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ. ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, იმიტომ, რომ თავის დროზე შევიტანეთ სარჩელი სტრასბურგში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და ყველაფერი საბოლოოდ დეოკუპაციით დამთავრდება.

სააკაშვილის განცხადებით, ამჟამინდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს საქმეც წაეგო: „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წულუკიანმა მოახდინა პროვოცირება და პირდაპირ გულშემატკივრობს იმას, რომ საქართველო გაამტყუნონ და არც მალავს ამას უტიფრად. უნდა, რომ ქართველი სამხედროები დაიჭირონ. სტრასბურგის სასამართლო ძალიან გაართულებს ამ ამბავს. ნათლად გამოჩნდა, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაზეც თინა ბურჯალიანი მელაპარაკა, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის სწორ მხარეს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.