რუსეთის დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკური განვითარების შესახებ დოკუმენტი“ დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ (2022-2025 წლები) შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, ხელშეკრულებას კი მხარეებმა 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება მოიცავს, რუსეთის მიერ დე-ფაქტო აფხაზეთში სოციალური და ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა და ფინანსური დახმარების საკითხებს. მხარეები განმარტავენ, რომ საუბარი არ არის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სფეროების ვალდებულებებზე.

მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“.

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს.