თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, დუზჯეს პროვინციაში, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ დღეს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:08 საათზე დაფიქსირდა და იგრძნობოდა სტამბოლში, ბოლუში, საქარიაში, ანკარაში, ბარტინში, კოჯაელში, ქუთაჰიაში, ბილეჩიკში, ზონგულდაკში, ბურსასა და იზმირში. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,81 კმ სიღრმეზე იყო.

მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ, კატასტროფებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების ოფისმა (AFAD) 22 დაშავებულის შესახებ განაცხადა, აქედან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. 

ბოლუს გუბერნატორმა ერკან კილიჩმა განაცხადა, რომ მიწისძვრის დროს რამდენიმე მოქალაქე პანიკურად გადმოხტა აივნებიდან.

ამავდროულად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ AFAD-სა და სამაშველო სამსახურს 112-ს  ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ მიუღიათ.