პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა

პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

საუბარი შეეხო ასევე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აკისრია, არამხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. პრეზიდენტის ეს პოზიცია გაიზიარა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა კოვიდსოლიდარობის მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდეს, რათა მათ უკეთ გაიცნონ ევროკავშირის უახლოესი მეგობარი ქვეყანა - საქართველო.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.