ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ.
პარლამენტმა 531 ხმით დაამტკიცა გადაწყვეტილება, 7 წინააღმდეგი იყო და 34-მა თავი შეიკავა.
წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტები, რომლებიც არ უნდა იყოს მიღებული. თუმცა, უკრაინის კონფლიქტს გაქცეული პირები კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას.
კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა (S&D, ES) განაცხადა, რომ „ევროპარლამენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“.
მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ასევე ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, ის ძალაში შევა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს.
- ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები
- ევროპარლამენტი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ.
რუსეთი ყირიმის მცხოვრებლებისთვის პასპორტებს 2014 წელს ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ გასცემს და ამჟამად ანალოგიურად მოქმედებს უკრაინის სხვა კონტროლირებად რაიონებში.
ამ რუსული პასპორტების მიუღებლობა ვრცელდება მაშინ, როდესაც ვინმე ითხოვს ვიზას ევროკავშირში შესასვლელად, ან როდესაც ისინი კვეთენ ევროკავშირის გარე საზღვრებს. კომისიის ცნობით, თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ.