გერმანია დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ითხოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უახლეს სარაკეტო დარტყმის გამო.
ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაწერა.
„მომავალ კვირას, როგორც G7-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მოვიწვევთ სხვა პარტნიორებს ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა უკრაინის ენერგომომარაგების შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - წერს ბერბოკი.
მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინელი ხალხი სიცივესა და სიბნელეში ამყოფოს.
„ის ვერასდროს დაარღვევს მათი თავისუფლების სურვილს და ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
გერმანია 2022 წლის განმავლობაში G7-ის ჯგუფს თავმჯდომარეობს. 29-30 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. მას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.